Politico-მ აქვეყნებს ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის შეთანხმების პროექტის დეტალებს, რომელიც უკრაინისთვის 800 მილიარდი დოლარის ღირებულების „კეთილდღეობის გეგმის“ შემუშავებას ითვალისწინებს.
კერძოდ, 18-გვერდიანი პროექტი უკრაინის აღდგენის 10-წლიან გეგმას ადგენს და მოიცავს ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ გზას.
გამოცემის ანონიმური წყაროების ცნობით, აღნიშნული გეგმა ევროკომისიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნებს 22 იანვარს გამართულ სამიტამდე გააგზავნა, სადაც ის განიხილეს კიდეც.
დაფინანსების სტრატეგია 2040 წლამდეა გაწერილი და ასევე მოიხსენიებს „100-დღიან ოპერატიულ გეგმას“ პროექტის დასაწყებად. მთავარ გამოწვევად რჩება უკრაინაში გარე ინვესტიციების მოზიდვის სირთულე მანამ, სანამ ომი „საიმედო“ გზით არ დასრულდება — დოკუმენტი მიანიშნებს, რომ უახლოეს მომავალში ეს ნაკლებად სავარაუდოა.
Politico წერს, რომ „კეთილდღეობის გეგმა“ შემუშავდა, როგორც დონალდ ტრამპის თავდაპირველი „სამშვიდობო გეგმის“ საფუძველზე მომზადებული „20-პუნქტიანი გეგმის“ გაგრძელება. აშშ-მა უკრაინის აღდგენაში „წამყვანი როლი“ უნდა შეასრულოს, თუმცა დოკუმენტი ვაშინგტონს წარმოაჩენს არა როგორც რესურსების დონორს, არამედ როგორც „სტრატეგიულ ეკონომიკურ პარტნიორს, ინვესტორსა და სანდოობის გარანტს“.
პროექტი ითვალისწინებს ევროკავშირის, აშშ-ის და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების — მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის — მიერ მომდევნო 10 წლის განმავლობაში უკრაინაში 500 მილიარდი დოლარის სახელმწიფო და კერძო კაპიტალის ინვესტირებას.
გამოცემის ცნობით, ევროკომისია გეგმავს დაამატოს კიდევ 100 მილიარდი ევრო საბიუჯეტო მხარდაჭერისა და საინვესტიციო გარანტიების სახით ევროკავშირის 2028 წლის შემდგომი შვიდწლიანი ბიუჯეტის ფარგლებში. მოსალოდნელია, რომ ეს დაფინანსება 207 მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიციებს გაუხსნის გზას.
აშშ ასევე გეგმავს რეკონსტრუქციისთვის კაპიტალის მიმართვას „აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის“ მეშვეობით, თუმცა კონკრეტული ციფრები მითითებული არ არის. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ვაშინგტონს სურს ინვესტირება კრიტიკული მინერალების მოპოვებაში, ინფრასტრუქტურაში, ენერგეტიკასა და ტექნოლოგიებში.
